"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ორივე პუნქტი არ შესრულდება, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ უნდა დაუჭიროს.
შავგულიძემ "დღის კურიერის" ეთერში უპასუხა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებსაც იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა იქნებოდა.
შავგულიძემ აღნიშნა, რომ სწორედ "ქართული ოცნების" ჩარევამ სასამართლოს გადაწყვეტილებებში გამოიწვია ის, რომ ქართული მართლმსაჯულებისადმი საერთაშორისო საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია.
"გავლენები რომ არ მოეხდინათ მათ მართლმსაჯულებაზე, მაშინ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს დიდი კითხვის ქვეშ არ დააყენებდა მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება. რატომ ესმის მხოლოდ "ქართულ ოცნებას" განსხვავებულად და ერთნაირად ესმის ოპოზიციას, ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, საერთაშორისო აქტორებს და ა.შ. რომ ამ შეთანხმების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება?! შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს მართალი და დანარჩენი ყველა ტყუოდეს?
სასამართლოზე გავლენის მოხდენის თემით სპეკულირებას რაც შეეხება, სწორედ ის, რომ გავლენას ახდენდნენ და არასარწმუნო გახადეს ქართული სამართალწარმოება და ისეთი მაღალი ხარისხით, რომ აღარავის აღარ სჯერა, სწორედ ამან განაპირობა, რომ საერთაშორისო აქტორების ჩართულობით მიღწეულ იქნა შეთანხმება ამაზე. ის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას ფასი აღარ აქვს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ეს "ქართული ოცნების" დამსახურებაა,"-განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.