"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს. პარტიები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად შეიკრიბნენ. შიდა კონსულტაციების მთავარი თემა 8 მარტის შეთანხმების შესრულება და პარტიების სამოქმედო გეგმაა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების ორივე პუნქტი უნდა შეასრულოს და პოლიტპატიმრები გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.
ცალკეულ ლიდერებს აქვთ განსხვავებული პოზიციებიც. მაგალითად, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საკითხი მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, საარჩევნო ცვლილებებს ის მხარს დაუჭერს.
"ცვლილებით, რომლითაც საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს, არჩევნებს აზრი უნდა მიეცეს და ასევე, უკანონო პატიმრებსა და პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულებსაც უნდა ეშველოთ - ამისთვის კი საჭიროა ხმის მიცემა. ვეცდები, რომ ჩემი ეს პოზიცია დავასაბუთო. ის, რომ ჩვენ არ მივცეთ კონსტიტუციურ ცვლილებას ხმა, რომელმაც სისტემა უნდა შეცვალოს, მგონია, რომ არ იქნება მართებული,"- განაცხადა პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.