"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს. რა ჩაიწერება იმ ერთობლივი განცხადების ტექსტში, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს და მოაწერს თუ არა ხელს მას ყველა ის პარტია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან ზის - ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ოპონენტები საკუთარ მოსაზრებებზე საუბრობენ.
"წინ გველოდება ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილს თუ მისცემთ შესაძლებლობას, ის არასოდეს წავა ხელისუფლებიდან. ის იქნება სულ. მაგრამ აღარ მივცემთ ამის შესაძლებლობას - ეს არის ჩემი მოკლე შეფასება ამ წუთის მდგომარეობით,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.
პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ ოპოზიციურ სპექტრს ერთი აზრი აქვს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს და არა რომელიმე.
"მსჯელობის მთავარი საკითხი იქნება 8 მარტის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობა. მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ცალსახად ერთი გაგება არსებობს ოპოზიციურ პარტიებში, უნდა შესრულდეს შეთანხმების ორივე ნაწილი,"- აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.
პარტიები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად შეიკრიბნენ. შიდა კონსულტაციების მთავარი თემა 8 მარტის შეთანხმების შესრულება და პარტიების სამოქმედო გეგმაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების ორივე პუნქტი უნდა შეასრულოს და პოლიტპატიმრები გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. ცალკეულ ლიდერებს აქვთ განსხვავებული პოზიციებიც. მაგალითად, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საკითხი მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, საარჩევნო ცვლილებებს ის მხარს დაუჭერს.