ვიოლა ფონ კრამონმა, ევროპარლამენტის წევრმა და DEG-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წამყვანმა წევრმა, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ, 8 მარტის შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს. მისი თქმით, ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად.
"რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონაკრიზისზე, იმდენადვე სამწუხაროა "ქართული ოცნების" მცდელობა, გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება. კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.
დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.
ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე,"- აღნიშნავს ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი.