ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ბოიკოტს არ შეწყვეტს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტს არ შეასრულებს და არ გაათავისუფლებს პირებს, რომლებსაც ისინი პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ.
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის განცხადებით, არავითარი კომპრომისი არ იქნება. მეტიც, მისივე თქმით, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დისტანციის დაცვით დიდი საყოველთაო ყრილობა გაიმართება.
"არავითარი კომპრომისი და უკან დახევა არ იქნება იმ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება პოლიტიკური ტერორის შედეგთა გადალახვას. სანამ პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები, არ იქნება არავითარი კომპრომისი ხელისუფლებასთან და არც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე უნდა ჩატარდეს დისტანციის დაცვით დიდი სახალხო თავყრილობა,"- აღნიშნა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.
პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს აკისრებენ.
შეთანხმებას ხელს აწერს მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ყველა პარტია, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა".