ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს - ამ გადაწყვეტილებით დასრულდა დღეს კონსულტაციები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, რომელსაც ხელს "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ყველა პარტია აწერს.
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის ამ შეთანხმებას ერთობის მიღწევად აფასებს.
"ამ ერთობამ, განსხვავების მიუხედავად, მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიგვეღწია 8 მარტის შეთანხმებისათვის. ასე ერთობლივად ვიმოქმედებთ იმისთვისაც, რომ პროპორციული სისტემაც მოვიპოვოთ, სამართლიანობაც აღდგეს და ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემო იყოს,"- აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.
პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს აკისრებენ.