ფოთის პორტის ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკული ფონდი ახორციელებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაძლიერება მნიშვნელოვანია.
"ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო, არ შეგვეჩერებინა ან შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური. ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის კარგი მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი. ეს პროექტი უკვე დაიწყო, უკვე გადმოირიცხა 30 მილიონი დოლარი, ამ პროექტის სრული ღირებულება გახლავთ 93 მილიონი დოლარი.
ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავი ზღვისპირეთში საქართველოში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.