პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის თამარ ხულორდავას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად დაუჭერს მხარს.
შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებელია და მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ ეს განახორციელოს.
"პირადად მე, რა თქმა უნდა ვაპირებ, რომ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს. მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის სწორედ ეს იყო გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი 8 მარტის შეთანხმების. ქვეყნის განვითარებისთვის მგონია, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ჩვენ გვინდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა და ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ძალის ხელში, რაც არ არის კარგი განვითარებისთვის.
მე მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად მმართველი პარტია შეასრულებს დანაპირებს და იმ ვალდებულებას, რომელიც თავის თავზე აიღო და ბოლომდე მიიყვანს ამ ცვლილებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ოპოზიციის ნაწილის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ ეს არის უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მათ 93 დეპუტატი ჰყავთ უმრავლესობის რიგებში, ამას გარდა პარლამენტში სხვა დეპუტატებიც არიან, რომელთა ერთობლივი მონაწილეობით შესაძლებელია ეს ცვლილებები ბოლომდე მივიდეს.
ჩვენ გვაქვს 14 ნოემბრის გამოცდილება. მე 14 ნოემბერს არ წარმომედგინა, ის რაც მოხდა. ასეთი გამოცდილების შემდეგ, როგორ შეიძლება 100 პროცენტით ვიყო დარწმუნებული.
ხელისუფლებას ზოგჯერ ჰგონია, რომ მათთვის უფრო ხელსაყრელია კონკრეტული გადაწყვეტილება, როცა ასე სულაც არ არის. ასე ეგონათ 14 ნოემბერსაც, რომ მათთვის უფრო ხელსაყრელი იყო, არ მომხდარიყო გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. მერე აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება.
ახლაც შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ აქვთ უფრო მეტი პოლიტიკური წონა, თუნდაც იმის გამო, რომ კრიზისის პირობებში ხელისუფლებამ შეძლო გარკვეულწილად დაერწმუნებინა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომ ის სწორი მიმართულებით უძღვება ქვეყანას. ასევე ვიცით, რომ სხვადასხვა კვლევების მიხედვით ხელისუფლების რეიტინგი არის გაზრდილი, ამიტომაც შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ მათ ახლა არ სჭირდებათ ამ დაპირების შესრულება, მაგრამ ვინაიდან მათ ეს დაპირება გასცეს, ასევე შესაძლოა იყოს მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადაიტანონ. ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორი მიდგომა იქნება," - განაცხადა თამარ ხულორდავამ "დღის კურიერში" სტუმრობისას.
ამასთან, თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციას უფრო მეტად აწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, რადგან ხელისუფლებას, მისი შეფასებით, "საბოლოო ლახვარს ჩასცემს."
დამოუკიდებელი დეპუტატის შეფასებით, მთავარი პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად უპირველესად მმართველ გუნდს ეკისრება.
გარდა ამისა, ხულორდავა მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო ფონი დამძიმებულია.
"ამ პროცესებს სჭირდება განტვირთვა. საერთაშორისო ზეწოლის შეჩერების საფუძველი შექმნა სწორედ იმ პოლიტიკურმა შეთანხმებამ, რომელიც 8 მარტს შედგა. ახლა თუ მეორეჯერ ეს შეთანხმება ვერ შესრულდება, ამას კიდევ უფრო მეტი წნეხი მოჰყვება საერთაშორისო პარტნიორებისგან.
როცა ქვეყანას ეუბნებიან, რომ არსებობენ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები, ეს არის ძალიან ცუდი შეფასება, მე ეს სულაც არ მახარებს," - განაცხადა თამარ ხულორდავამ.