18 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
სიმართლე არის იმ დოკუმენტში, რომელშიც იკითხება, რომ იმ წინადადებების ქვეშ მოიაზრებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე - ეკა ბესელია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, 8 მარტის შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თავად არ ესწრებოდა მოლაპარაკებებს, თუმცა შეთანხმებაში ნაგულისხმები იყო პოლიტპატიმრების კონკრეტული საქმეები. ეკა ბესელიას თქმით, პირდაპირ ამის ჩაწერა შეთანხმებაში არ შეიძლებოდა, ვინაიდან ეს იქნებოდა მმართველი გუნდის მიერ იმის აღიარება, რომ ქვეყანას დანამდვილებით ჰყავს პოლიტპატიმრები.

ეკა ბესელია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ის პირები, ვინც კანონპროექტს ხმას მისცემენ, ძალიან  დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ გადაწყვეტილებას.

"სიმართლე არის იმ დოკუმენტში, რომელშიც იკითხება, რომ იმ წინადადებების ქვეშ მოიაზრებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. მე პირადად არ დავსწრებივარ ამ მოლაპარაკებების რაუნდს იმიტომ, რომ ეს არ სურდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ვიცი იმიტომ, რომ ამ შეხვედრის დეტალების განხილვა შემდეგ ხდებოდა უფრო ფართო ფორმატში, რომ იქ იყო კონკრეტული საქმეები. აბა რატომ არ მოაწერა ხელი „პატრიოტთა ალიანსმა“? 

სწორედ ამიტომ არ მოაწერა ხელი, როგორც მათ განმარტეს, რომ არ დაეთანხმნენ კონკრეტულ გვარებს.
ასე რომ, ყველაფერი ნათელია. სხვა ვერ ჩაიწერებოდა ამ შეთანხმებაში, უგულავას საქმე, ოქრუაშვილის საქმე, რომელიმე საქმე ვერ ჩაიწერებოდა, არ შეიძლებოდა ამის ჩაწერა იმიტომ, რომ ეს არის ოფიციალურად აღიარება იმისა, რაც ხდება სამწუხაროდ, რომ სასამართლოს აკონტროლებს მმართველი პარტია. ჩაიწერა იმ ენით, რაც წერია და ფორმულირება გამართულია.

მე „ქართული ოცნებისაც“ მესმის, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ხომ ვერ ვუკარნახებთ სასამართლოს ვინ გაათავისუფლოს და ვინ არა, ესეც სწორი ფორმულირებაა, უბრალოდ არ არის გულწრფელი, თორემ განა არ არის სწორი, როდესაც ასე საუბრობენ, არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ რომ ერევა, ამაშია საქმე, ამიტომ შედგა ის შეთანხმება. მე არ ვიცი თვითონ ამას რატომ დათანხმდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეთანხმება დაიდო და ახლა დგას საკითხი სრულად შესრულდება თუ ნაწილობრივ.

ჩემი პოზიციაა პირადად, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, ვინც ხმას ვაძლევთ კანონპროექტს, ჩვენს გადაწყვეტილებას,"  - აცხადებს ეკა ბესელია.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ "ქართული ოცნების" მე-8 წლის მმართველობის პირობებში, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები პოლიტპატიმრებზე ისაუბრებდნენ. ამის მიზეზად ეკა ბესელია ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არქონას ასახელებს.

"2020 წელს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მე-8 წელს პოლიტიკურ პატიმრებზე ისაუბრებდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ეს არის არაკომპეტენტურობის და უგუნურობის, არადიპლომატიური ქცევის შედეგი. 

ამ ყველაფრის მიზეზი იცით რა არის? სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც უმწვავესი პროცესი იყო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, როდესაც ყველა პარტნიორი იმედგაცრუებული დარჩა მოსამართლეების არჩევის პროცესით, აი ამან გამოიწვია ეს შეფასებები, როდესაც პოლიტპატიმრებს, აი ამ დეფინიციას იყენებენ ჩვენი პარტნიორები. ამიტომ იყენებენ ამ დეფინიციას, თუ სასამართლო არ გაქვს, ე.ი. პოლიტიკური დევნა გაქვს ქვეყანაში," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები