18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
საერთაშორისო ექსპერტე​ბმა ერთხმად თქვეს, რომ TBC ბანკის საქმეში არ არსებობს ფულის გათეთრების ნიშნები -კახა კოჟორიძე 

"არ არსებობს იმის დამტკიცების საფუძველი, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს - ამის შესახებ საუბარია ექსპერტის დასკვნაში, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.

ორგანიზაციამ TBC ბანკის საქმეზე დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის ანგარიში გამოაქვეყნდა. ექსპერტის მოსაზრებით ბრალდებულთა ქმედებები, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა, არ სცდება იმ ფაქტებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა ქონების უკანონო დაუფლებას უკავშირდებოდეს.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ან ადგილობრივმა ექსპერტმა, თუ ორგანიზაციამ, ერთხმად თქვა, რომ ამ საქმეში არ არსებობს ფულის გათეთრების ნიშნები.

"საერთაშორისო ან ადგილობრივმა ექსპერტმა თუ ორგანიზაციამ, ერთხმად თქვა, რომ ამ საქმეში არ არსებობს ფულის გათეთრების ნიშნები და ის, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი რომ დავუშვათ ყველა მასალა და ფაქტი ბრალდების, ანუ პროკურატურის სასარგებლოდ შეაფასოს სასამართლომ, მაშინაც კი არ არსებობს სახეზე დანაშაული,"- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, კახა კოჟორიძემ.

ადვოკატი ზვიად კორძაძე კი, დასკვნაში გამოკვეთილ გარემოებებზე საუბრობს და ამბობს, რომ დასკვნის ავტორი მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"დასკვნაში გამოკვეთილია რამდენიმე გარემოება. პირველი არის ის, რომ არავითარ ფულის გათეთრებას არ აქვს ადგილი თეორიულადაც კი. დანაშაულის თეორიულად დამტკიცების შემთხვევაშიც კი მაინც არ ფიქსირდება ფულის გათეთრება. დასკვნის ავტორი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ეს არის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება,"- აღნიშნა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

დღის ამბები