ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში მოხვდება. სვენ მიქსერის მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო 19 მაისს გახდება, თუმცა წინასწარ არის ცნობილი დღის წესრიგთან მიმაგრებული დოკუმენტის შინაარსი.
ანგარიში მთლიანობაში ეხება საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ამ მიმართულებით დოკუმენტში საუბარია პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით.
"ევროპარლამენტი აგრძელებს ევროკავშირ -საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხრადაჭერას, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, საქართველომ ადამიანის უფლებების, ეკონომიკისა და სამართლის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, აღსაღნიშნავია მიღწეული პროგრესი საკანონმდებლო და საკონსტიტუციო დონეზე, ასევე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ პარტიებთან მიღწეული შეთანხმება, თუმცა არსებობს რიგი შენიშვნებისა, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 2020 წლის შიდა პოლიტიკური არეულობები და მიკერძოებული გამოძიება. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნდობლობის ზრდას და დაძაბულობის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პატივი სცეს დამოუკიდებელი სასამართოს უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლოს, რისი ვალდებულებაც მას აკისრია," - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გადაიხედოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურები და მათ დანიშვნამდე უზრუნველყოფილი იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება.
"მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა," - აღნიშნულია დოკუმენტში.