18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
დაკარგავს თუ არა საქართველო 500 მილიონიან დახმარებას - ევროპიდან მთავრობაზე ზეწოლა გრძელდება 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისაკენ პარტნიორები ისევ მოუწოდებენ. ვრცელი წერილი დღეს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ გაავრცელა. ანდრიუს კუბილიუსი აღებული ვალდებულებების შესრულებასთან აკავშირებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას და წერს, რომ ბიუჯეტის დახმარების ნაწილი დამოკიდებული იქნება კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის დანერგვაზე.

"გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!" - ამ შინაარსის განცხადება დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" პოლონელმა ევროპარლამენტარმა. ანდჟეი ჰალიცკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მსგავსად, ტერმინს - "პოლიტიკურ პატიმრებს" იყენებს.

პოლიტიკურთან ერთად, საქართველოს პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების შესაძლო დაკარგვაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში და ამბობენ, რომ როგორი იქნება ევროკავშირის მხრიდან ეკონომიკური დახმარება ახლა ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

ევროპარლამენტარის განცხადებას არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. სადაც ასევე ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრს პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი სარგებლის მიღება შეუძლია და ეს შანსი ხელისუფლებამ ქვეყანას არ უნდა დააკარგვინოს.

ანდრიუს კუბილიუსის წერილს შანტაჟს უწოდებს ფრაქცია "სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი. დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ფინანსური დახმარების მიღებისთვის საქართველოს გარკვეული ვალდებულების შესრულება მოუწევს.

მმართველ პარტიაში ვერ ხედავენ კავშირს ევროკავშირის მხრიდან დახმარებასა და ოპოზიცის მოთხოვნებს შორის. "ქართულ ოცნებაში" მბობენ, რომ საკითხის დრამატიზება სწორედ ოპონენტების ინტერესია.

ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების საკითხი დღეს, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა. ნათია თურნავას თქმით, დახმარებებს რაც საქართველომ უკვე მიიღო, საფრთხე არ ემუქრება და არც მომავალში დგას ის კითხვის ნიშნის ქვეშ.

პოსტ-პანდემიის პირობებში ევროკავშიროსგან დახმარებას საქართველო ახლო მომავალში ელოდება, აპრილში საქართველოსთვის სესხის სახით გაერთიანებამ დაახლოებით 150 მილიონი ევრო უკვე დაამტკიცა.

 

დღის ამბები