ის პრეტენზიები, რომლებიც ევროპარლამენტის ცალკეულ დეპუტატებს საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშშიც მოხვდება. სვენ მიქსერის მიერ მომზადებული დოკუმენტის სრული ვერსია საჯარო 19 მაისს გახდება. ანგარიში მთლიანობაში ეხება საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას.
დღეს გამოქვეყნებულ 7 გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, თუმცა, ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს პოლიტიკის პოლარიზებაზე.
პატიმრები დოკუმენტის მოკლე ვერსიაში ნახსენები არ არიან.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკის შეფასებით, გასულ კვირას ბრიუსელში მიღებული დახმარების პაკეტის პირობა სწორედ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა, მათ შორის კანონის უზენაესობის სფეროში.
"თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს აღარ მოეთხოვება, ეს მოლოდინი მცდარია. ეს დოკუმენტი ასახავს ყველა იმ წუხილს და უკმაყოფილებას, რაც დღეს საქართველოს მეგობრებს შორის არის. გარდა ამისა, გასულ კვირას უკვე მიღებულ იქნა ბრიუსელში დახმარების აღმოჩენის პაკეტი და ამ პაკეტში შავით თეთრზე წერია, რომ დახმარება, ასევე, გულისხმობს კანონის უზენაესობის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ანგარიშში აუცილებლად მოხვდება 8 მარტის შეთანხმების საკითხი.
"საყურადღებოა, რომ ამ ანგარიშში აუცილებლად მოხვდება სწორედ ის ყველაზე აქტუალური თემა დღეს, რაც არის 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ამ შეთანხმების შესრულების გარეშე პროგრესის მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირთან ურთიერთობაში იქნება ძალიან რთული, თუ არა შეუძლებელი და გაფრთხილება კიდევ ერთხელ. უკვე ოფიციალურ დონეზე, ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტში პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და სასამართლოსთან დაკავშირებით, მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებია.
"ანგარიშში აღნიშნულია ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების კუთხით. რა თქმა უნდა, აქვე აღნიშნულია და განსაკუთრებით ხაზგასმულია ეკონომიკური მიმართულება, ადამიანის უფლებების მიმართულებები და სხვადასხვა მიმართულებით მიღწევები, რაც ჩვენ გვაქვს ნაკისრი ვალდებულებებით, აგრეთვე, ევროპარლამენტი მიესალმება იმ შეთანხმებას, რომელიც შეძლო 8 მარტს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, არაფერია ნახსენები და ეს სიტყვა საერთოდ არ არის ნახმარი ამ დოკუმენტში. უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით არ არის, სასამართლოსთან, ჯამში არის რეკომენდაციები მითითებული, რომელიც ვენეციის კომისიასაც ჰქონდა და თავისთავად ცხადია, რომ ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.