18 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
პრეზიდენტს ახლა აქვს უდიდესი უფლებამოსილება, სამი პატიმრიდან ორის შეწყალება მის ხელშია - თამარ ჩუგოშვილი

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს. თუმცა, დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება. 

სახელისუფლებო გუნდის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ცვლილებებს მხარს უჭერს. მისი განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა პრეზიდენტის შეწყალების მეშვეობით შეიძლება, რისი უფლებამოსილებაც მას აქვს და ამასთან, ეს მართლმსაჯულებაში ჩარევად არ განიხილება. 

"მიუხედავად იმისა, რომ მე ვაპირებ ხმა მივცე, ეს არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი ის იქნება, თვითონ "ქართული ოცნება" სრულ მობილიზაციას გააკეთებს თუ არა ამ ცვლილებების მხარდასაჭერად. პრეზიდენტს ახლა აქვს უდიდესი უფლებამოსილება ხელში, რადგან სამიდან ორს უკვე მისჯილი აქვს. შესაბამისად, სამი პატიმრიდან ორის შეწყალება მის ხელშია. ანუ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, სრულიად ლეგიტიმურად მიიღოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არანაირი მართლმსაჯულებაში ჩარევა ამას არ სჭირდება. ამიტომ, ხელისუფლებას შეუძლია მოეშვას ამ სპეკულაციებსაც და აღასრულოს ამ გადაწყვეტილების უდიდესი ნაწილი მაინც,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცვლილებებს მხარს დაუჭერს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატებიც". ფრაქციის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის მოსაზრებით, გარდა პრეზიდენტის შეწყალებისა, შესაძლოა, განხილული იყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვა. მისი თქმით, არსებობს პრეცედენტები, როდესაც ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეა დამოუკიდებელ ექსპერტებს გამოყოფს მსგავსი შემთხვევების შესასწავლად.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს არაფერი აქვს საერთო იმ დაპირებასთან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასცა, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერს. 

"ეს საკითხი, პრაქტიკულად, 14 ნოემბერს დამთავრდა იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო ხალხის მოთხოვნა. ის ცვლილებები, რაც დღეს მზადდება, პრაქტიკულად, არანაირ კავშირში არ არის არც დაპირებასთან და არც ხალხის მიერ მიღწეულ წარმატებასთან. აქედან გამომდინარე, რეალურად, მე არ მივიღე მონაწილეობა არც განხილვებში და არც მხარდაჭერა არ იქნება ჩემი ამ საკონსტიტუციო ცვლილების," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. 

დღის ამბები