8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი, შესაძლოა, პრეზიდენტის შეწყალება გახდეს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული პირებიდან ორის - გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება, რადგან მათ სასამართლომ სასჯელი უკვე მიუსაჯა.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, თუ რა სტატუსით გათავისუფლდებიან პატიმრები.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავარია ხელისუფლებამ შეთანხმების ორივე პუნქტი შეასრულოს და საკუთარ გუნდში 93 ხმის მობილიზება შეძლოს, დანარჩენ ხმებზე კი ოპოზიცია იზრუნებს.
"8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის ნაწილშიც და საარჩევნო სისტემის შეცვლის ნაწილშიც. ლელო გააკეთებს ყველაფერს, რომ არ დავუშვათ ერთი მიზნის მეორესთვის შეწირვის ან ერთით მეორის გადაფარვა. კეთილი ვინებოთ და ყველამ საკუთარი ვალდებულებები შევასრულოთ: ხელისუფლებამ უზრუნველყოს კენჭისყრისას უმრავლესობაში ოფიციალურად მყოფი 93 პარლამენტის წევრის ხმა, და დანარჩენ ხმებზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. წერტილი - როგორც დღეს მოდაშია,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სრულიად მიუღებელი გახდება.
"რა მექანიზმითაც არ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები, მექანიზმის არჩევას და წუნიობას ხომ არ დავიწყებთ. მთავარია მოიხსნას ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი. ხელისუფლებამ ეს უნდა უზრუნველყოს და შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად. თუ ეს არ მოხდება, ეს ხელისუფლება გახდება აბსოლუტურად მიუღებელი საერთაშორისო თანამეგობრობაში. თვითიზოლაციის ტერმინი ახლა მოდაშია და შეიძლება ვთქვათ, რომ თვითიზოლაციაში გადავა ხელისუფლება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.