ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს PCR ტესტის ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა.
ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები ტესტების გამტარუნარიანობას გაზრდის და შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა. აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ დაფარა.
ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადაეცა.
"კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღიდან, საქართველო და ამერიკის სახელმწიფო ვირუსის სირთულეებთან გასამკლავებლად, ერთმანეთთან თანამშრომლობენ. მე მადლობა მინდა გადავუხადო მათ,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და პანდემიას შთამბეჭდავად ართმევს თავს.
"საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას.
აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარდის PCR ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით, ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე.
ეს ტესტირების აპარატები, ასევე პირადი დაცვის საშულებები, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისთვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს,"- აცხადებს კელი დეგნანი.