განცხადება, რომ მთავრობა მზად არის პარლამენტის წინაშე წარდგეს, პრემიერ-მინისტრმა დღეს გააკეთა.
გიორგი გახარიას თქმით, დაგროვდა კითხვები და ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად პირადად ის და მთავრობის თითოეული წევრი მზადაა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს.
"მსმენია, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკევული საინტერესო კითხვები, მათ შორის აბსოლუტურად ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ბატონო თავმჯდომარევ, მინდა გითხრათ, რომ მზად ვართ მთავრობა და მეც, ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის დროს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერთან ინტერპელაციის წესით უკვე გაიგზავნა კითხვები და აღნიშნა, რომ პრემიერის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენასთან ერთად დისკუსია უფრო ყოვლისმომცველი იქნება.
"საზოგადოებას მართლაც აქვს საინტერესო და ობიექტური კითხვები, ოპოზიციას აქვს პოლიტიკური კითხვებიც და მივესალმებით თქვენს მზადყოფნას, მობრძანდეთ პარლამენტში. თქვენ მიმართ არის გამოგზავნილი ინტერპელაციის მექანიზმით კითხვები და ასევე თქვენ გაქვთ წლიური ანგარიშიც პარლამენტში წარმოსადგენი და ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშის ფარგლებში კიდევ უფრო ყოვლისმომცველი შეფასება და დისკუსია მოხდება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.