18 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
უმძიმესი კრიზისის პერიოდში ვერა და ვერ მოვიყვანეთ პარლამენტში პრემიერი, მაგრამ ინტერპელაციის წესით ვალდებულია მოვიდეს - რომან გოცირიძე

პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე, სავარაუდოდ, 29 მაისს წარსდგება. გიორგი გახარია მზად არის საკუთარ გუნდთან ერთად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

პარლამენტი მუშაობას საგანგებო რეჟიმის დასრულების, ანუ 22 მაისის შემდეგ განაახლებს, რის შემდეგაც პრემიერის ანგარიშის მოსმენა დაინიშნება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ოპოზიციამ ვერ მოახერხა პრემიერის პარლამენტში მიყვანა, თუმცა, ინტერპელაციის წესით, ის ვალდებულია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ამ უმძიმესი კრიზისის პერიოდში ათასმა უბედურებამ გადაიარა ქვეყნის თავზე და მშიერია დარჩენილი ჩვენი ხალხი, ვერა და ვერ მოვიყვანეთ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი. მაგრამ, არსებობს ინტერპელაციის წესი, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ და ის ვალდებულია, აუცილებლად გამოცხადდეს პარლამენტში.

მთავარი საკითხი არის ის, რომ სიღარიბე საშინლად გაიზარდა ქვეყანაში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ პანდემიის პირობებში დარჩა შემოსავლების გარეშე და რატომ ხდება, რომ ამ 8 წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ სიღარიბე შემცირებულიყო, ქვეყანა კვლავ შიმშილისა და სიღარიბის ზღვარზე დგას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ პრემიერი პარლამენტში მაშინ უნდა მისულიყო, როცა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. 

"უნდა მოსულიყო მაშინ, როდესაც აგრძელებდნენ საგანგებო მდგომარეობას და მაშინ, როდესაც კონკრეტული კითხვები ისმებოდა საზოგადოებაში. ბუნებრივია, მიუხედავად ამისა, თუ ის მოვა პარლამენტში, ოპოზიციას ექნება კონკრეტული კითხვები, რომელიც უკავშირდება ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც არის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები და ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაედგათ იმისთვის, რომ შექმნილი ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება დროულად გამოსწორდეს. იმიტომ, რომ აქამდე რაც მოვისმინეთ მისგან და მთავრობისგან, ის ნაბიჯები არაადეკვატური, არასაკმარისი და დაგვიანებულია," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია წარადგინოს, რათა სახელმწიფო იმ ადამიანებს დაეხმაროს, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, თუმცა სოციალური დახმარების პაკეტში ვერ მოხვდა. 

"მთავარი არის ანტიკრიზისული გეგმა, როგორი არის პასუხი მთავრობის და პრემიერის იმ ადამიანებისთვის, ვინც დარჩა ყოველგვარი დახმარების გარეშე. ვისაც არ შეეხო არცერთი სოციალური პაკეტი, ასეთი ბევრია, რას ფიქრობს ამ ადამიანებზე, როგორ უნდა გაეწიოს მათ დახმარება და ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია, რომელიც არ შემოსულა ჯერ პარლამენტში და რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებს დაეხმაროს სახელმწიფო ამ რთულ სიტუაციაში," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები