18 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ივანიშვილმა ის დაპირებაც ვერ შეასრულა, რომ ოპოზიციონერებს დიდი ხნით გაუშვებდა ციხეში - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი ადვილად შესასრულებელი პირობა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა, ვერ შეასრულა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებისა და სენატორების დახმარების გარეშე ეს გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა.  

მისივე განცხადებით, აპირებს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ოპოზიციის კონსოლიდაციას და იმას, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე იმ შედეგის დადება მოახერხოს, რომელიც კოალიციური მთავრობის საფუძველს შექმნის. ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ იყო დამოუკიდებელი და ეს ერთგვარი პოლიტიკის ნაწილი იყო.

"ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ.

პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც იყო, რა თქმა უნდა ჩვენი გათავისუფლება. განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს ქალბატონ დეგნანს და ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ისევე როგორც სენატორ რიშს და ბატონ კუბილიუსს. რა თქმა უნდა, რომ არა მათი ძალისხმევა და მათი შეფასებები, ასეთი შედეგი არ დადგებოდა.

თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს.

ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ. ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანი გზით ხელისუფლების ცვლილების შესახებ და ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ.

მე ვაპირებ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი ოპოზიციის კონსოლიდაციას და იმას, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რომელიც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას.

ეს შედეგი დადგებოდა თუ არა, გაგვათავისუფლებდნენ თუ არა, სალომე ზურაბიშვილი მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას თუ არა, დაახლოებით 1 კვირის წინ სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ფორმულარული უნდა შევავსო და რამდენიმე კითხვა მაქვსო. კითხვას მისვამს, რომ თუ გათავისუფლდებით რას აპირებთ, მომავალში რა საქმიანობას გააგრძელებთო, ფორმალური კითხვაა, რა თქმა უნდა. ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა და მთელი ის რაღაც მასკარადი, არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, ამოხსნა ვერ მოვუძებნე ამას.

ჩემი დაჭერაც, გიგის და რურუას დაჭერაც და ბევრი სხვა ადამიანის, რომლებმაც დატოვეს საპატიმრო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკის ნაწილი, გათავისუფლებაც, რა თქმა უნდა. ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, რომ მეც სიმართლე გითხრათ, შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობდნენ.

ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკის ნაწილი და ეს იყო პოლიტიკური ზეგავლენის შედეგი. ძალიან მრცხვენოდა "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ჩვენ ქალბატონი დეგნანის, ბატონი ჰარცელის, უამრავი სენატორის, კონგრესმენის და ევროპარლამენტარის შესაძლებლობებს, ძალისხმევას, ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებას, ძალისხმევას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვისბორდერიზაციის შესაჩერებლად, უზარმაზარი ეკონომიკური საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ამ ადამიანებს უწევდათ თავიანთი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მრცხვენოდა მე ამის გამო პირადად. მით უმეტეს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში განცხადებების კეთება და ძალისხმევა საქართველოში რაღაც სიტუაციის დალაგებისთვის.

ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე. აქედან საჭიროა ერთობლივი მშვიდი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდდა და ყველაფერი კარგად მიდის, არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. ამისთვის ყველამ უნდა მოვინდომოთ. ამიტომ მე არ ვაპირებ, არც ნიშნის მოგებით რამე განცხადებების, არც რამე რევანშისტული განცხადებების კეთებას. სიმშვიდე არის საჭირო და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დღის ამბები