18 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში შესაძლოა სრული ანშლაგით მიიღონ - პრეზიდენტის შეწყალების აქტმა ვითარება შეცვალა

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პარლამენტში შესაძლოა სრული ანშლაგით მოხდეს. ამ დრომდე მმართველი პარტიის გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებას "პატრიოტთა ალიანსის" და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმები ჰქონდა. ყოფილი და მოქმედი ნაციონალები კი, ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდნენ. ვითარება რადიკალურად შეიცვალა 1 საათის წინ. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მისთვის მინიჭებული უფლება გამოიყენა და ციხეში მყოფი პოლიტიკოსები შეიწყალა.

მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებას უკვე ჰყავს მოწინააღმდეგეები. უკვე ცნობილია, რომ ახალ საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს დმანისის მაჟორიატრი კახა ოქრიაშვილი. დილიდან ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგეთა ჯგუფში შედიოდა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მაჟორიტარი ენზელ მკოიანი, თუმცა მოგვიანებით დეპუტატმა განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი მხარდაჭერა ექნება.

მმართველი პარტიის წევრებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატების დიდი ნაწილი, ასევე მხარს უჭერენ "პატრიოტთა ალიანსი", "სოციალ-დემოკრატები" და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები". საარჩევნო სისტემის შეცვლის წინააღმდეგია დავით ჭიჭინაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების ბედს რომ პრეზიდენტის დისკრეცია გადაწყვეტდა, ამაზე დღესაც საუბრობდნენ იმ პარტიებში, რომელთა ლიდერებიც საპატიმროში იმყოფებოდნენ.

პრეზიდენტის მხრიდან პატიმრის შეწყალების პროცედურა დღეს დილიდან კიდევ ერთხელ განმარტეს მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალება დანაშაულის აღიარების შემდეგ შეეძლო.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დაიწყებს, ცვლილებების მისაღებად კი ვადა ივლისამდეა.

დღის ამბები