პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, გაეთავისუფლებინა საპატიმროებიდან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გახსნა ფანჯარა, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს - ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, თუმცა დასძენენ, რომ გიორგი რურუაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
როგორც ოპოზიცია ამბობს, სწორედ ასეთ შემთხვევაში მიიყვანენ ბოლომდე 8 მარტის შეთანხმებას.
"ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, გახსნა ფანჯარა იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაგრძელდეს, თუმცა იმ ერთადერთ შემთხვევაში თუ გიორგი რურუაც გათავისუფლებული იქნება პატიმრობიდან. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება პოლიტიკურ ოპოზიციას შესაძლებლობა, რომ გადავერთოთ საარჩევნო სისტემების საკითხზე და მივიყვანოთ ბოლომდე 8 მარტის შეთანხმება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე.
გიორგი რურუას გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც".
"კარგია ის ნაბიჯები, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაიდგა, თუმცა, შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის შესრულებული, რადგან ჯერ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია. ჩვენ მასთან დაკავშირებითაც ველოდებით მსგავსი ნაბიჯის გადადგმას,"- აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.