პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული პოლიტიკოსების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და მათი პატიმრობიდან გათავისუფლებას ევროპარლამენტარები დაძაბულობის განმუხტვისა და დეპოლარიზებისთვის გადადგმულ გაბედულ ნაბიჯად აფასებენ:
"მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ კეთილსინდისიერ ნაბიჯს. მოვუწოდებ მხარეებს, იმუშაონ ერთად 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის," - წერს ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ტვიტერზე.
"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადადგა გაბედული და რთული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაციის დეპოლარიზება მოეხდინა და გზა გაუხსნა უფრო დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს," - ასე ეხმაურება უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებას ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.
პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ პროგრესს იმსახურებენ და ის 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების მოლოდინშია:
"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას," - წერს ანა ფოტიგა.
ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული ერთ-ერთი მწვავე განცხადების ავტორია აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერების შეწყალება მნიშვნელოვანი წინსვლა და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია:
"მნიშვნელოვანი წინსვლა საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს" - წერს ანდრიუს კუბილიუსი.