18 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ერთადერთი და სწორი ნაბიჯი იყო - გურამ ჩალაგაშვილი შეწყალებაზე

საქართველოს ევროპელი და საერთაშორიო პარტნიორები გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას დადებითად აფასებენ, თუმცა საქართველოს ოპოზიციის მსგავსად, ისინი 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე შესრულებულად არ მიიჩნევენ, რადგან გიორგი რურუა ჯერ კიდევ პატიმრობაშია. 

იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სწორი და ქვეყნისათვის მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო - ხელისუფლების ოპონენტებიც აღიარებენ. თუმცა მათივე განცხადებით, თუ პირობა ბოლომდე არ შესრულდება, შესაძლოა საარჩევნო სისტემის ცვლილება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

"პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ერთადერთი და სწორი ნაბიჯი იყო, რაც მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს. ვნახეთ რომ გუშინ ღამე უკვე გააკეთეს კონგრესმენებმა განცხადება, სადაც კონკრეტულად, სახელით და გვარით არის მითითებული გიორგი რურუა, რომ მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ იქნება 8 მარტის შეთანხმება შესრულებული. ამ ბოლო პუნქტის შესრულებისთანავე კი მმართველი გუნდი ოპოზიციისგან 27-ივე ხმას მიიღებს,"- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხელისუფლებას შეთანხმების ბოლომდე შესრულებისაკენ მოუწოდებს. 

"სირცხვილამდეა ხელისუფლების ჩანჩურა წარმომადგენლების ქმედებებისა და ტყუილების კასკადის მცდელობა, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთიანობას ამ საკითხზე და ის, რომ მრავალპარტიული სისტემა აუცილებელია, ამას ბევრი საუბარი აღარ სჭირდება,"- აღნიშნავს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე. 

 

 

 

დღის ამბები