ამერიკელი სენატორები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. მთავარი თემა "ფრონტერა" და საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობაა. "ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები" - აცხადებენ კონგრესმენები და მთავრობისგან მოითხოვენ, დაიცვას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება.
"გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ უკანონო ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. სულ უფრო და უფრო შეშფოთებული ვართ ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესების ხარჯზე საქართველოს მიერ კავშირების დამყარებით ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ მოწინააღმდეგეებთან. მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან. ტექსასში დაფუძნებული კომპანია "ფრონტერა", რომელმაც 500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა გაზისა და ნავთობის აღმოსაჩენად, ბოლო პერიოდში გახდა სულის შემხუთავი რეგულაციებისა და შეზღუდვების სამიზნე, ახლა კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო გაძევება ემუქრება. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია – კონტი ჯგუფი – მსგავსი საშუალებებით გამოაძევეს ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმიდან, რასაც პროექტის შეჩერება მოჰყვა.
ნებისმიერი მსგავსი ქმედება მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ხელისუფლების კავშირებით;
საქართველოს შავი ზღვის პორტებში მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის ამერიკული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: 1. ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული განდევნა პორტის მშენებლობიდან, რომლის მიზანიც იყო, საქართველო აღარ ყოფილიყო რუსეთზე დამოკიდებული; 2. საქართველოს მხრიდან ნაკლები ძალისხმევა, შესრულდეს ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები, განსაკუთრებით, პორტების საქმიანობის კონტექსტში.
საქართველო არის NATO-ს სტრატეგიული მოკავშირე კავკასიაში. სამხედრო თვალსაზრისით, საქართველომ გაიღო რესურსები ჩვენი მისიის საქმიანობაში ავღანეთში. საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს კრიტიკულად აუცილებელ სავაჭრო და ენერგეტიკულ მაგისტრალს კასპიის ზღვასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის. ძლიერი ამერიკულ-ქართული პარტნიორობა აუცილებელია ამერიკის ინტერესებისთვის, რომელიც საპასუხოდ მოითხოვს, რომ საქართველო დაუბრუნდეს მყარ, გამართულ მმართველობას,"- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ტედ კრუზი და ჯონ კორნინი წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად.