რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა ციხე ღამით დატოვეს. პირველი განცხადებებიც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, რუსთავში გაკეთდა. პოლიტიკური პარტიების ორივე ლიდერი აცხადებდა, რომ შემდგომი ნაბიჯი გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა იყოს. მათ გათავისუფლებამდე 2 საათით ადრე კი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც საზოგადოებას ტელეეთერით შეატყობინა, რომ უგულავას და ოქრუაშვილს იწყალებს და გადაწყვეტილება მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტის გამოსვლას მალევე მოჰყვა განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში.
თავისუფლებაზე ყოფნის პირველი წუთების ათვლა გიგი უგულავამ პრეზიდენტისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. გიგი უგულავამ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტი მისთვის მოულოდნელი იყო და თითქმის ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ საკანშიც შემთხვევით გაიგო. თბილისის ყოფილმა მერმა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საზოგადოების აქტიურ ბრძოლას დაუკავშირა ის, რომ პრეზიდენტმა საკუთარი დისკრეცია გამოიყენა. უგულავამ ხელისუფლებას ისიც შეახსენა, რომ პოლიტიკური 8 მარტის შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად კიდევ ერთი ნაბიჯი დარჩა - საკნის კარი ახლა უკვე გიორგი რურუას უნდა გაუღოს.
გიგი უგულავას გამოსვლის შემდეგ მალევე, რუსთავის მეთორმეტე დაწესებულება კიდევ ერთმა პატიმარმა თავდაცვის ყოფილი მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დატოვა.
ოპოზიციონერ ლიდერებს საპატიმროსთან მხარდამჭერები და ოჯახის წევრები დახვდნენ. გუშინვე გაკეთდა პირველი შეფასებებიც.
სანამ გათავისუფლებული მსჯავრდებულები საპატიმროს დატოვებდნენ, "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი ჩატარდა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა თქვა, რომ ზურაბიშვილს მხოლოდ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც, ირაკლი კობახიძის შეფასებით, შეწყალებას არ იმსახურებდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასთან კომუნიკაცია პარტიას არ ჰქონია. მოგვიანებით შეფასებები მმართველი ძალის სხვა ლიდერებმაც გააკეთეს.
სატელევიზიო ეთერებისა და თანაგუნდელებთან შეხვედრის შემდეგ რთული დღე სახლთან დასრულდა, სადაც "ევროპული საქართველოს" ლიდერს სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ვანო მერაბიშვილიც დახვდა.
გიგი უგულავამ პატიმრობის მეორე ვადის ათვლა საპატიმროში ოთხი თვის წინ დაიწყო. 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა, რამდენიმე თვით ადრე კი დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პირველმა ინსტანციამ 20 ივნისის საქმეზე დამანაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.