18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ეს არის წარმოუდგენლად მძიმე ვითარება - ნიკა მელია ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილს ეხმაურება

ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის მიწერილ წერილს, სადაც საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის საფრთხეების შესახებ არის საუბარი, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ნიკა მელიას თქმით, ეს უკვე საგანგაშო კი არა, წარმოუდგენლად მძიმე შეფასებაა:

"საგანგაშო არ არის ის შეფასება, რომელიც უნდა მიეცეს ამ ვითარებას, ბევრად უფრო საგანგაშოა, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე ვითარება. ჩვენ ვხედავთ ნირწამხდარ ხელისუფლებას, რომელსაც უნარიც კი აღარ შერჩა ელემენტარული კომუნიკაციის დამყარებისა, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან და მათ წარმომადგენლებთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპოზიციურმა დემოკრატიულმა ძალებმა ეს ტვირთიც უნდა იტვირთონ და ყველაფერი გააკეთონ, რომ ეს ურთიერთობა არ დაიკარგოს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. მთავარი თემა "ფრონტერა" და საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობაა.

"ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ტედ კრუზი და ჯონ კორნინი წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად.

დღის ამბები