18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
თუ დროულად არ მოვა ხელისუფლება გონს ეს მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება - ნინო ბურჯანაძე სენატორებისა და კონგრესმენების წერილზე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებამ დროულად არ მოაგვარა ის ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ამ კომენტარით ნინო ბურჯანაძე ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის მიწერილ წერილს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის საფრთხეების შესახებ არის საუბარი.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იმისათვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო ხელისუფლების პარტნიორობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომები, ის გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდანევროპარლამენტიდან და საერთოდ დასავლელი პარტნიორებისაგან, არის ძალიან საგანგაშო სიგნალი ხელისუფლებისათვის. არ ვიცი, რამდენად ბოლომდე აცნობიერებს ამას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ თუ დროულად არ მოვა ხელისუფლება გონს, ეს მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. მთავარი თემა "ფრონტერა" და საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობაა. "ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ტედ კრუზი და ჯონ კორნინი წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად.

დღის ამბები