18 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად საპატიმრო გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს - გიგი უგულავა

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ვრცელი კომენტარი გააკეთა. 

პოლიტიკოსმა შეთანხმების შესრულების მთავარ პირობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია გიორგი რურუა გათავისუფლდეს. 

"შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად საპატიმრო გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს და იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება ან აღკვეთი ღონისძიების ჩანაცვლებით, ან პრეზიდენტის შეწყალებით. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტი უნდა შედგეს და ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა გადაიშალოს. მე საერთოდ არ მსიამოვნებს ის, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო საზოგადოება ამბობს, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, რადგან ამას თავისი მინუსები მოსდევს. 

არ მაქვს იმის იმედი, რომ ამას ხელისუფლება გააცნობიერებს იმიტომ, რომ ეს მათი ქმედებიდან არ გამომდინარეობდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და არც კორონავირუსით შებურული. რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს შენთვის, მაინც უნდა შეასრულო. თუ ხარ ხელისუფლებაში, უნდა გახსოვდეს, რომ ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება საჭიროა. ასეა ადამიანურ ურთიერთობაში და საერთაშორისო პოლიტიკაში. 

ახლა მთავარი კონკრეტულად ჩვენი თავისუფლება არ იყო, გიორგი რურუასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დავასრულოთ. ასევე, უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან ეს აუცილებელია იმ ქარიშხლის მოსაგერიებლად, რის წინაშეც ვდგავართ. კაცობრიობას ოდითგანვე სამი რამ აწუხებდა, ეს არის: ომი, პანდემია და შიმშილი. ამ საერთაშორისო პანდემიის შემდეგაც კი, ყველაზე პესიმისტური გათვლებით ჩვენ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს და ექნება.

მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება ან არ მოსწონს, უნდა გვესმოდეს, რომ იქნება ძალიან მტკივნეული ცვლილელები. ეს მთავრობა კი ამას ვერ შეძლებს. თუ გვინდა, რომ ეკონომიკური კოლაფსიდან ამოვიდეთ, ამას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც ამ წლის ბოლოს არჩევნების გზით მოხდება,"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

გიგი უგულავამ წინასაარჩევნო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  გამარჯვების მისაღწევად მთავარი ის ერთობაა, რომელიც უკვე არსებობს და აღარ დაიშლება. 

​"ივანიშვილმა ჩემდა გასაკვირად მოახერხა ის, რომ მის მომხრეებს დაანახა რომ მისი დრო წასულია. საერთაშორისო საზოგადოება მას არაფერს აღარ აპატიებს. როდესაც ახალი ხელისუფლება ხარ ბევრი რამ გეპატიება, მაგრამ როდესაც ორი ვადის ბოლოში ხარ, აღარაფერი აღარ გეპატიება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა - ოროსანი ხელისუფლებისთვის კი სამოსანი ნამდვილად კომპლიმენტია. ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის. ჯამურად ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მოუგებს, რაც ერთობას გულისხმობს და მაჟორიტარულ ნაწილში პარტიების კოორდინაციას. განვლილმა პერიოდმა გვაჩვენა, რომ ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, თუ იქნება ერთობა და მრავალფეროვნება - ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ მმართველობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო მომდევნო 10 წელში სრულიად ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში შედის. იქნება მრავალპარტიული სისტემა და ჩვენი პოლიტიკური თაობის ამოცანაც ზუსტად ეს არის. 

ჩვენ ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულზე ვერ გადავედით, არსებითად მომდევნო 3-4 წლის შემდეგ ამას მაინც მოვახერხებთ, რაც ნიშნავს დაპირისპირებულების შეთანხმებასა და რეალურ მრავალპარტიულობას. ამიტომ, დიდი ტრანსფორმაციების ეპოქა იწყება, მაგრამ იმისათვის, რომ პირველ რიგში საზოგადოებამ იცხოვროს მისახედია ეკონომიკა. რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ეს არის დამწვარი სახლის აღდგენა ცეცხლის ჩაქრობით, ეკონომიკა ზუსტად დამწვარი სახლივითაა ეხლა, მის აღდგენას კი ახალი აგური და ახალი იდეა სჭირდება,"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები