გიგი უგულავას ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან სატელეფონო ზარი აქვს დაგეგმილი. როგორც თავად ამბობს, ევროპარლამენტარს მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან საქართველოს მეგობარია და მნიშვნელოვან მომენტებში ჩვენს ქვეყანას გვერდით უდგას.
"კუბილიუსი, რიში და ყველა დეპუტატი, ვინც საქართველოს მეგობარია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ არიან ჩვენი, კონკრეტულად რომელიმეს მეგობარი. "ნაცების" ძახილი, როგორც ამას "ქართული ოცნება" წარმოაჩენს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" კომპლიმენტია. მინდა ვოლსკის ვთხოვო შემდეგში "ევრონაცი" მაინც გამოიყენონ. რაც შეეხებათ ევროპელ დეპუტატებს, მათი განცხადებები არა მეგობრობის, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია. საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ნიშანდობლივია ის, რომ ეს ხალხი ყოველ კრიზისულ სიტუაციაში ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით დგას. მე ვწუხვარ ჩემი ხელისუფლების გამო და ჩვენს პარტნიორებს რასაკვირველია მადლობა ეკუთვნით იმისათვის, რომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ პრეზიდენტზეც ისაუბრა. კითხვაზე, თუ ვინ მიიღო მისი შეწყალების გადაწყვეტილება, უგულავა ამბობს, რომ ამას დღეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მისივე თქმით, ფაქტი ერთია - ამ დოკუმენტზე ხელმომწერი სწორედ სალომე ზურაბიშვილია.
"რასაც მე დავაკვირდი, ხელისუფლებამ ამ პანდემიის დროს პირველად იგრძნო, რომ ხელისუფლებაა. სამწუხარო კი ის არის, რომ მათ ეს იგრძნეს იმ პირობებში, როდესაც ხალხი გამქრალი იყო, ოპოზიცია არ არსებობდა და ქუჩები ცარიელი. პირველი, რაც განახორციელეს იყო ის, რომ გადააგდეს ყველა და ყველაფერი იმიტომ, რომ მარტო იყვნენ და მაგრები ეგონათ თავი. ეს არის მათ მიერ გამოვლენილი ძალიან სახიფათო ინსტინქტი და ამიტომ არ უნდა დარჩნენ ისინი ხელისუფლებაში.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მოტივაციებს, ვერ ვისაუბრებ ამაზე, ერთს ვიტყვი, რომ ბუნებრივია ჩვენს შეწყალებაზე ხელი მოწერილი მას აქვს და თუ ვინმეს წლების მერე ამ ამბის გაქექვა მოუნდება მხოლოდ იმას ნახავს, რომ ამ ამბებში ხელმოწერა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. შეუძლებელია ასეთ დროს ადამიანს მადლობა არ უთხრა, მაგრამ როგორც მან ეს ამბავი შეფუთა სასაცილო იყო ჩემთვის. იმის ამოქექვას თუ ვინ იყო ამ გადაწყვეტილების უკან, ახლა არანაირი აზრი არ აქვს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.