18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
დროზე სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ პროცესის შეჩერება - ბოკერია სენატორების და კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე

ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის მიწერილ წერილს, სადაც საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის საფრთხეების შესახებ არის საუბარი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანამ ისეთი რეპუტაცია შეიქმნა, რომ აქ სტრატეგიული პარტნიორების გადაგდების საფრთხე არსებობს, რაც ძალიან საზიანოა და დროზე გამოსასწორებელია:

"პრობლემა, როგორც წესი არ არის ერთ ან რომელიმე კონკრეტულ კომპანიასთან დავაში, არის ზოგადად ქვეყნის რეპუტაციის საკითხი და სტრატეგიულ პარტნიორებთან დამოკიდებულების საკითხი და აქ მოხდა ყველაზე დიდი ზიანი, ცალკეული შემთხვევები და დავები შეიძლება დალაგებულ ქვეყანასაც ქონდეს, მაგრამ თუ შენ მიზანმიმართულად პოზიციონირდები, როგორც ქვეყანა, სადაც სტრატეგიული პარტნიორების გადაგდების საფრთხე არსებობს, იქნება ეს ბიზნესი თუ სხვაგან და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის თვალსაზრისით ასეთ რეპუტაციას მიიღებ, მერე ეს მოჰყვება ზვავივით, ამიტომ დროზე სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ პრინციპულად ამ ყველაფრის შეცვლის უნარი ივანიშვილს და მის გუნდს არ გააჩნია, ეს უნდა გააკეთოს შემდეგმა ხელისუფლებამ და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. მთავარი თემა "ფრონტერა" და საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობაა. "ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ტედ კრუზი და ჯონ კორნინი წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად.

დღის ამბები