18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
სენატორების წერილს კომპანია "ფრონტერასთან" დაკავშირებით "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" პასუხობს

სენატორების წერილს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" პასუხობს. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა "ფრონტერა" არც ერთ პუნქტში არ გაამართლა. როგორც კორპორაციის მრჩეველი ამბობს, მათ მიმართეს "ფრონტერას" არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროების თხოვნით, რაზეც უარი მიიღეს. მისივე ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკული კომპანია ლობისტების გამოყენებით აგრესიულ კამპანიას აწარმოებს. მიზანი, როგორც გაზისა და ნავთობის კორპორაციაში ამბობენ, "ფრონტერას" პირადი ინტერესია, გადაიხედოს გადაწყვეტილება.

"რა მიზანიც ქონდათ, ის მიზანი აქვთ ახლაც, რომ ქართულ მხარეზე პოლიტიკური ზეწოლის გამოყენებით დარჩნენ ტერიტორიაზე. 27 ივლისს იწურება შესაბამისი ვადა და კომპანია დაკარგავს უფლებებს საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების ნაწილში და ამ შედეგების თავიდან არიდება უნდა," - აცხადებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველი ვაჟა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. მთავარი თემა "ფრონტერა" და საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობაა.

"ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ტედ კრუზი და ჯონ კორნინი წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად.

ქართულმა მხარემ ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია "ფრონტერასთან" ხელშეკრულება აპრილის თვეში შეწყვიტა. ქართულ მხარესა და "ფრონტერას" შორის დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკულ კომპანიას 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით, "ფრონტერამ" კონტრაქტის პირობები დაარღვია. კომპანიას დაევალა, აანაზღაუროს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და მოსარჩელეებს აუნაზღაუროს საარბიტრაჟო დავის წარმოების ხარჯები.

დღის ამბები