სასტუმროებისა და ტურისტული ასოციაციების, ასევე მცირე, საშუალო და ბრენდული სასტუმროების წარმომადგენლებთან რიგით მესამე, დასკვნითი სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრას, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ესწრებოდნენ.
"შევთანხმდით რეგულაციების საბოლოო ფორმულირებაზე და სრული ჰარმონია გვაქვს ახალ ნორმებთან დაკავშირებით. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაჟღერებული იყო როგორც ბრენდული, ასევე მცირე, საშუალო სასტუმროების ინტერესები.
ჩვენ წინა შეხვედრებზე მოვისმინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები, რაც გავითვალისწინეთ სხვადასხვა უწყებებთან ერთად მუშაობის შედეგად და დღევანდელ ფორმატში დავაკმაყოფილეთ მათი თხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს საკმაოდ მკაცრი რეგულაციების დანერგვა, ჩვენი მიზანი იყო დარგის მოსაზრებების გაზიარება, რათა საოპერაციო კუთხით არ შექმნოდათ სირთულეები და შეფერხებები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებს, ამიტომ ახალი რეგულაცია იქნება საკმაოდ გაჯერებული - მკაცრი, თუმცა ბიზნესის საოპერაციო სპეციფიკის სრული გათვალისწინებით.
გაიდლაინები მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება, მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ჩვენ წარმოვადგენთ ერთ- ერთ პირველ ქვეყანას, რომელმაც სწრაფად შეიმუშავა გაიდლაინები საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ახალი გაიდლაინებისა და წესების დარგთან საბოლოო შეჯერებას, წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალური განხილვა უსწრებდა, სასტუმროების ხელმძღვანელებს ჯერ დოკუმენტის სამუშაო ვერსია დაეგზავნათ, შემდგომ მათი კომენტარები ადმინისტრაციამ მოისმინა, რასაც უწყებრივი სამუშაოები მოჰყვა, საბოლოოდ ისევ დარგთან შეხვედრაზე შეჯერდა და ყველა დეტალი დაკმაყოფილდა.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და რეგიონებში არსებული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელები. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებით, წინა შეხვედრებზე დასმული ძირითადი მოსაზრებები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ბოლომდე გაითვალისწინა.