პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაბედულ ნაბიჯად შეფასდა. ისინი, ვინც ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ, დღეს ამბობენ, რომ პრეზიდენტის შეწყალებამ გახსნა შესაძლებლობა შეთანხმების 2-ვე პუნქტი შესრულდეს. ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გათავისუფლების შემდეგ გიგი უგულავას პირადად ესაუბრა. "კურიერთან" საუბარში კი თქვა, რომ ახლა საპატიმროდან გიორგი რურუას გამოშვებას ელოდება.
8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ შტატების სენატში საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა და მისმა მოადგილემ ჯინ შაჰინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ჯიმ რიშის დღევანდელი ტონი მის წინა წერილთან შედარებით შერბილებულია, რიში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარ განცხადებაში ტერმინი პოლიტპატიმრები გამოიყენა და მათი გათავისუფლება მოითხოვა.
პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი - ასე შეაფასეს სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა. დიპლომატები, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ, ორივე მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ.
გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას საკუთარი "ტვიტერის" გვერდებზე გამოეხმაურა არაერთი ევროპარლამენტარი. ისინი მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ ვითარების დეპოლარიზებას შეუწყო ხელი. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განცხადება ტვიტერზე ქართულ ენაზე დაწერა.
პოლიტიკური ლიდერების შეწყალებას ტვიტერზე გამოეხმაურა გერმანიის მისიაც ეუთოში.
საქართველოს ყველა პარტნიორი, მოკავშირე და მეგობარი, ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დასტაბილურებას და საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს ელოდება.