გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას დღეს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, არავის აქვს ილუზია, რომ პროკურატურამ მათი დაპატიმრების და შემდგომ პრეზიდენტმა მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად მიიღეს.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყოფილმა თანაგუნდელებმა "ქართული ოცნებიდან", ამ გადაწყვეტილებით საკუთარ თავს შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ის, რომ საქართველოს პროკურატურამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისინი დამოუკიდებლად შეიწყალა, ამის ილუზია არავის არა აქვს.
ამ გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავს მიაყენა პირველ რიგში დიდი ზიანი და შეურაცხყოფა, მაგრამ ამაზე არავინ დარდობს.
"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი გაუაზრებელი და უპრინციპო ნაბიჯებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.