"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, "გირჩის" ლიდერისგან განსხვავებით, არჩევნებში ახალი კოალიციის "ძალა ერთობაშია" მონაწილეობაზე საუბრობს.
გიორგი ვაშაძის თქმით, "ძალა ერთობაშია" მზად არის მიიღოს გუნდში ის სუბიექტი, ვისაც ამის სურვილი ექნება.
"ჩვენ ვართ კოალიციაში გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" და ამ კოალიციით ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას. თუ ვინმეს უნდა ჩვენს კოალიციაში, მზად ვართ განვიხილოთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ის, რომ ყველა ერთ კოალიციაში ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა, ქმედებებისთვის ენერგია გვქონდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველ ამომრჩეველსაც აქვს განსხვავებული გემოვნება. ამიტომ ერთი გემოს მომატებით, მეორე გემო არ უნდა დავცალოთ ბოლომდე, ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც კოალიციურ მმართველობას შექმნის ქვეყანაში და გაუშვებს "ქართულ ოცნებას". ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ "ქართულ ოცნებას" გაუშვებს ქართველი ხალხი ოპოზიციაში,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებისგან 8 მარტს დადებული პირობის შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა დღეს ოპოზიციონერები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.