გაერთიანებული ოპოზიცია ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდა. თითქმის 2 საათიანი კონსულტაციების შემდეგ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მთავარ მოთხოვნად ძალაში ისევ იმ პირების გათავისუფლება რჩება, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.
ასევე სხვადასხვა ოპოზიციონერი ლიდერები უკვე მაჟორატობის კანდიდატურებზეც საუბრობენ.
"მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეჯერდებიან ოლქზე, უფრო სწორად შევჯერდებით ოლქზე. ჯერ არ მიფიქრია სად ვხედავ ჩემ თავს, ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი. თუ ამა თუ იმ ოლქში არაპოლიტიკოსი, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტი უფრო მეტად გამსვლელია, მე მას დავუთმობ გზას,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.