გამარჯვების გეგმებზე მსჯელობას დღეს ის ადამიანები შეუერთდნენ, ვისი ციხიდან გათავისუფლებაც ჯერ კიდევ 1 კვირის წინ იმავე სივრცეში, იმავე შეკრების მთავარი მოთხოვნა იყო. თუმცა, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას თავისუფლება ოპოზიციისთვის არსებითად არაფერს ცვლის, ვიდრე მათ ბედს არ გაიზიარებს გიორგი რურუაც, რომელიც კვლავ საპატიმროში რჩება.
ერთობლივ განცხადებაში ოპოზიცია იმედს იტოვებს, რომ პირობის ეს ნაწილი უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა, რაც მათ საშუალებას მისცემს, 120/30-ზე საარჩევნო სისტემას საბოლოოდ დაუჭირონ მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დათმობები არ იქნება.
დღევანდელი შეხვედრის მთავარი სტუმრები კი კოლეგებს მათ გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდიან და უკვე პოლიტიკურ გეგმებს სახავენ. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენაზე ოფიციალურად შეთანხმდა, გიგი უგულავაც და ირაკლი ოქრუაშვილიც საკუთარ თავს სამომავლოდ სწორედ მაჟორიტარებად მოიაზრებენ.
კონკრეტული რეგიონები არც იმ პოლიტიკოსების უმრავლესობისთვის არის ცნობილი, რომლებიც დიდი ალბათობით სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში იბრძოლებენ, ერთიანი ოპოზიციის სახელით. არიან თავდაჯერებული პოლიტიკოსებიც, რომლებმაც უკვე ბრძოლის ადგილიც იციან და რთულად თუ ახსენდებათ ვინმე, ვინც მათ კანდიდატურას დაიწუნებდა. ამ ყველაფრის პარალელურად, ოპოზიციაში საარჩევნოდ კოალიციურ ერთობას მეტწილად გამორიცხავენ, ამის ალბათობას უფრო მეტად არჩევნების შემდეგ, მთავრობის დაკომპლექტების დროს ხედავენ.
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას დამოუკიდებელი დეპუტატების რესურსით გეგმავს, თუმცა მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს საპარლამენტო ოპოზიციას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" დათქმული პირობა უნდა შეასრულონ და პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა ოპოზიციის ბოლო მოთხოვნა ამ დროში იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემას სრული მხარდაჭერა ჰქონდეს. მანამდე ოპოზიცია 20 ივნისის აქციისთვის ემზადება.