18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უკვე გამოაცხადა, როგორც პრიორიტეტული მიმართულება - დავით ზალკალიანი

საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების დასახვედრად უკვე აქტიურად ემზადება, ქვეყნის იმიჯის შექმნაზე დიპლომატებიც მუშაობენ.

"ჩვენ უკვე აქტიურად ვართ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორთან, ტურიზმის მიმართულებით გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ, აუცილებელია ჩვენმა ელჩებმა ძალიან აქტიურად იმუშაონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, იმისთვის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება აქტიურად გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომ გახსნის თვალსაზრისით, საქართველო პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის იყოს.  

"ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც უაღრესად წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ჩვენთვის ეს არის ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნები ეტაპობრივად იწყებენ საზღვრების გახსნას, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უკვე გამოაცხადა როგორც პრიორიტეტული მიმართულება და ვფიქრობ, რომ ეს მუშაობა კიდევ უფრო გასამყარებელია. ამიტომ, ყველა ელჩი მიიღებს დამატებით ინსტრუქციებს იმ პროტოკოლებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმებიც იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებთან დაკავშირებით," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით აქტიური კომუნიკაცია აუცილებელია და მნიშვნელოვანია, ელჩებს მთავრობის მეთაურისგან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებისგან, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

"აუცილებელია ამასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია და აუცილებელია ასევე, რომ საქართველო იყოს წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა ყველასთვის ნათელია, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენს ელჩებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები