საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. აზრთა სხვადასხვაობა "ქართული ოცნების" ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დამატებით ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობას მსგავსი უფლებები არ უნდა ჰქონდეს.
"პარლამენტი, ფაქტობრივად, ეთიშება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, რომ შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ფაქტობრივად, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება ადამიანების თავშეყრისა და გამოხატვის ყველა უფლება, ჩაკეტოს ქალაქები, პარლამენტს უნდა შეუთანხმდეს ყველაფერი. აქ წერია პირთა მიმოსვლა, საკუთრების უფლება და თქვენ აძლევთ მთავრობას საკუთრების ჩამორთმევის უფლებას? როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა აირზენასთან დაკავშირებით?!"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპონენტს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.
"კარგი იქნებოდა, თქვენს გამოსვლამდე კიდევ ერთხელ გადაგეხედათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მოქმედი რედაქციისთვის. ხაზგასმით ვამბობ, მოქმედი რედაქცია, რომელსაც, სხვათა შორის, თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს თქვენთვის ძალიან ნაცნობ წლებში. ამ კანონის მოქმედ რედაქციაში წერია, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას. ამავე კანონის მოქმედ რედაქციაში წერია, რომ ვალდებულია შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ამავე კანონში წერია, რომ დაიცვას სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ნორმები, რომელსაც მას მიუთითებენ ჯანდაცვის სამსახურები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა და გადაწყდა, რომ საკითხს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.