"ეს თქვენი გადაწყვეტილებაა" - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო.
როგორც პრეზიდენტმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივი მსჯელობა არ ყოფილა და მას გადაწყვეტილების თაობაზე უბრალოდ აცნობა.
"მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე, მინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის ნორმალური მართვის ფორმა. არ შეიძლება, რომ უცებ, სიურპრიზები შეაგდო, ყველანი უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი.
მითხრა, ეს თქვენი გადაწყვეტილება არისო, როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა ამირჩიეს და როცა შევხვდით ამის მერე: რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად(იცით, "ოცნების" დახმარებით ამირჩიეს), მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებებში.
იზიარებდა თუ არა ჩემს შეხედულებას, არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ყოფილა ერთობლივი მსჯელობა,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.