18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ევროპარლამენტიდან ისევ ისმის ფრაზა "პოლიტპატიმარი" - ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა სხვადასხვაგვარი შეფასებებით მიმდინარეობდა

დინამიკური და დროდადრო ემოციური ქართული პოლიტიკა სვენ მიქსერის გადმოსახედიდან დღეს ასე გამოიყურებოდა - "ქვეყანაში იმატა პოლარიზებამ და იკლო ნდობამ ხელისუფლების მიმართ". ანგარიშზე მუშაობის დაწყებიდან დასრულებამდე საქართველოს საკითხებზე მთავარმა მომხსენებელმა თავადვე აღნიშნა, რომ ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის, სულ ახლახან პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომელიც, ევროდეპუტატის თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იგი მხარეებმა ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ისევე, როგორც ქვეყანაში მართლმსაჯულების სტანდარტი უნდა დაუახლოვდეს დასავლურს და ამ რეკომენდაციას ევროპარლამენტარები საბოლოო დოკუმენტშიც ერთ-ერთ მთავარ პუნქტად ასახავენ. 

სვენ მიქსერმა, პრაქტიკულად, ვრცლად შეაფასა ის, რაზეც სხვებმა მოკლედ ისაუბრეს. პირველად სხდომათა დარბაზში სიტყვა "პოლიტიკური პატიმარი" თავად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ახსენა, რომელიც გიგი უგულავას ციხეში რამდენიმე წლის წინ პირადადაც სტუმრობდა. უგულავასთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება თავმჯდომარემ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა,თუმცა არა ფინალურად. დებატების დროს ის თემას ისევ მიუბრუნდა, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით. ამ მხრივ, მაკალისტერი ერთადერთი არ ყოფილა, აქტიურობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ხშირად კრიტიკულად ეხმაურებოდნენ "ტვიტერის" მეშვეობით.

თითქმის ყველა ევროპელი დეპუტატი სიტყვით გამოსვლის დროს ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ევროკავშირის სამაგალითო პარტნიორია მიღწეული შედეგების გამო და მას აქვს შანსი, კიდევ უფრო მეტად დაწინაურდეს, თუ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მეტი მონდომებით განახორციელებს. კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით დანახულ პროგრესს ბრიუსელი ცალსახად აღიარებს და ამ მხრივ ქვეყანას დაეხმარება კიდეც, ქვეყნისთვის მთავარი ტესტი ახლა, პარტნიორების თქმით, არჩევნებამდე მშვიდად მისვლა და თავად არჩევნების დასავლური ჩვეული სტანდარტით ჩატარებაა.

ევროპელი პარტნიორების ყურადღების მიღმა დღეს არ დარჩენილა არც განგრძობადი ბორდერიზაცია და რუსული აგრესია, რომელიც მათ კიდევ ერთხელ დაგმეს და საქართველოს ამ მხრივ მხარდაჭერა გამოუთქვეს. პანდემიის გამო შეჩერებულ ტურიზმსა და ბიზნესს ევროკავშირი დახმარების სოლიდური პაკეტით გააგრძელებს, ამ ყველაფერთან ერთად კი დააკვირდებიან,თუ როგორ გაართმევს ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საარჩევნო წელიწადს.

დღის ამბები