18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
დაკარგა თუ არა "ოცნებამ" საერთაშორისო პარტნიორების ნდობა - ევროპარლამენტის წევრების განცხადებებს დღეს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებდნენ

მოსალოდნელს და ლოგიკურს უწოდებს ოპოზიცია შეფასებებს, რომლებიც დღეს ევროპარლამენტში გაკეთდა. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, კრიტიკულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ოცნებამ" საერთაშორისო პარტნიორების ნდობა დაკარგა. სწორედ ამით ხსნიან ისინი ევროპარლამენტართა მოწოდებას, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება აუცილებელია.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო პარტნიორებში რეპუტაციის აღდგენა მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებით შეუძლია. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზეწოლა გაგრძელდება, რადგან დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე თვალს არ დახუჭავენ.

მმართველ გუნდში კრიტიკას და მითითებას პოლიტპატიმრებზე პოლიტიკური ბრძოლის იარაღად განიხილავენ, რომელსაც, მათი თქმით, დღევანდელ განხილვაზე ყველაზე აქტიურად „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები იყენებდნენ. ამ გაერთიანების პარტნიორები საქართველოში "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დოკუმენტი, რომელიც სვენ მიქსერმა მოამზადა, სადაც ევროინსტიტუციების პოზიციაა დაფიქსირებული.

ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებასა და შემდგომ გაკეთებულ კომენტარებში მმართველმა გუნდმა და ოპონენტებმა განსხვავებული აქცენტები ამოიკითხეს. "ქართული ოცნება" დასკვნას დაბალანსებულს უწოდებს, ოპოზიციისათვის კი დღევანდელი განხილვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "ოცნების" არადემოკრატიულ მმართველობაში მხილება იყო.

დღის ამბები