ოპოზიციის ნაკლებად სჯერა იმ სცენარის, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და შემდგომ აცნობა მმართველი გუნდის ლიდერებს.
"პოლიტპატიმრების გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილს აიძულა ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა ძალისხმევამ, რომელიც რა თქმა უნდა, ივანიშვილისგან ეცნობა ზურაბიშვილს და გამოხატა კონკრეტულ გადაწყვეტილებაში. ახლა ამის თაობაზე იცოდა თუ არა უშუალოდ თალაკვაძემ, მდინარაძემ, ვოლსკიმ ან რომელიმემ ეს მეათეხარისხოვანია. ისინი უბრალოდ არიან "ქართული ოცნების" სპიკერები, რომ დღეს ერთი თქვან და ხვალ მეორე," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა და მან უბრალოდ, მმართველი პარტიის დავალება შეასრულა.
"კომიკური ვითარებაა, როდესაც ერთნი ამბობენ, რომ არაფერი იცოდნენ და თავად ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მან საქმის კურსში ჩააყენა ის ადამიანები. ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლების უფლება კი არა, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრი ვერ დანიშნა ერთი წელიწადია. წარმოადგინა პარლამენტში და პარლამენტი არ ამტკიცებს. ელემენტარული თავისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება არ შეუძლია და ამ სიმძიმის საკითხს როგორ გადაწყვეტდა დამოუკიდებლად?! დაავალეს, გააკეთა" - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ეკა ბესელიას შეფასებით კი, ხელისუფლება საზოგადოებას ასე არ უნდა ატყუებდეს.
"ის პოზა, ფარისევლური და არაგულრწფელი, რომ მათ ბრიფინიგს დროს შეიტყვეს ამის თაობაზე და უწნებდნენ პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებას, ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა საზოგადოების. არ უნდა ატყუებდე ასე ადამიანებს, არაფერი არ უნდა გაიძულებდეს ასე გამოხვიდე და სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას უთხრა ტყუილი," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებისთანავე თქვა, სალომე ზურაბიშვილმა უარყო.
"ღამის კურიერში" პრეზიდენტის ინტერვიუმდე, სახელისუფლებო გუნდი ამტკიცებდა, რომ ქვეყნის პირველ პირს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაცია არ ჰქონია. როგორც პრეზიდენტი ამბობს, გადაწყვეტილება იცოდა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.