სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სასულიერო პირების განცხადებები გააკრიტიკა და ეს საერო საქმეში ჩარევად შეაფასა, გამოხმაურება მოჰყვა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ ის კომენტარს პრეზიდენტის განცხადებაზე ვერ გააკეთებს, თუმცა ეჭვს უჩენს ის, რომ ვაქცინაზე, რომელიც ჯერ შექმნილი არაა აცხადებენ, რომ საყოველთაო-სავალდებულო იქნება:
"ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს, მე შემიძლია ჩემი მხრიდან გითხრათ, რომ საყოველთაო სავალდებულო, ის რაც ჯერ არ არის, უკვე იწვევს ეჭვს და რა საჭიროა ასეთი პანიკის შექმნა? ჯერ ვაქცინა არ არის და წინასწარ გვეუბნებიან, რომ ეს იქნება საყოველთაო სავალდებულო. რომ იქნება მერე ვილაპარაკოთ და საყოველთაო სავალდებულო რას ნიშნავს ესეც უნდა აგვიხსნან, თუ არ გავაკეთებთ, რა მოჰყვება ამას შედეგად," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ თუ ვაქცინაციის ვალდებულება იქნება და ამას ადამიანებს დააძალებენ, ის თავის მრევლს მოუწოდებს,რ ომ ვაქცინა არ გაიკეთონ:
"თუ ეს ვალდებულება იქნება და ამას პირდაპირ დააძალებენ ადამიანებს, ჩემთვის უკვე აბსოლუტურად სხვა რამეა და ამ ვაქცინას მე პირადად მოვუწოდებ, რომ ასეთი სახით ვაქცინა არავინ არ გაიკეთოს, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანის თავისუფალი ნება შეიზღუდოს. ყველა ადამიანს უნდა ქონდეს თავისუფალი არჩევანი, იმიტომ რომ, ჯერ ამ დაავადების შესახებ არაფერი არ ვიცით და ვაქცინაზე საუბარი არის წარმოუდგენელიც კი," - განაცხადა შალვე კეკელიამ.