პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი არ უარყოფს, რომ პრეზიდენტმა მართლაც გააფრთხილა მმართველი გუნდის ლიდერები შეწყალების აქტის გამოცემის თაობაზე. თუმცა, იონათმიშვილი აკონკრეტებს, რომ პრეზიდეტმა კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილა.
"პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესო იყო ის რეაქცია, რომელიც ამის შემდგომ ჰქონდა ნაცკლასტერს და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს, რომელთაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული. თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე, ცოტა ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, რაც სავსებით ლოგიკური და ნორმალური არის. ასე რომ, მარგინალი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც ამ საკითხიდან ცდილობენ ქულების დაწერას, ვფიქრობ, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევიან ისინი," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ პატიმრებს სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დაეტოვებინათ, ისევ პოლიტიკური დავის მიზეზია. ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებისთანავე თქვა, სალომე ზურაბიშვილმა უარყო. "ღამის კურიერში" პრეზიდენტის ინტერვიუმდე, სახელისუფლებო გუნდი ამტკიცებდა, რომ ქვეყნის პირველ პირს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაცია არ ჰქონია. თუმცა, პრეზიდენტი ამბობს, რომ გადაწყვეტილება იცოდა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.