18 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მივედით დისკუსიამდე, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და იწყება ძებნა ვინ დაგვაბეზღა უცხოეთში - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით საქართველოს ყველა მეგობრის ინტერესია, რომ ვითარება ნორმალიზდეს და დამშვიდდეს. აღნიშნული განცხადებით გიგა ბოკერია "დღის კურიერის" ეთერში  ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის გზავნილს გამოეხმაურა.  ესპანელი ევროპარლამენტარი განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს. ამორი პოლიტიკოსების შეწყალებას ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ დადებით ნაბიჯად აფასებს და ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

"ამას სჭირდება შეთანხმების შესრულება რომელიც დაიდო ხელისუფლების მხრიდან  ქართული საზოგადოების წინაშე, პოლიტიკური პარტიების წინაშე და საქართველოს მეგობრების წინაშე. მე მგონი მინიმალური ინფორმაციის დამატებით, ამ და ყველა ევროპარლამენტარს ერთი და იგივე პოზიცია აქვს რომ ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს. მოჭიდება რომელიმე განცხადებაზე არასწორია პრაგმატულად, მორალურ მხარეზე აღარ ვსაუბრობ. ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ ეს პროცესი დასრულდეს, რა საჭიროა ამდენი რისკის გაწევა ქვეყნისათვის და მათი პერსონალური მომავლისთვისაც, ვგულისხმობ ივანიშვილს და მის გარემოცვას," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, შეთანხმება უნდა შესრულდეს გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს, რის შემდეგაც იქნება არჩევნები, სადაც ამომრჩევლის მიერ გამოტანილ ვერდიქტს ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეეგუოს. გიგა ბოკერიას თქმით, ყველა სხვა დანარჩენი სცენარი სარისკოა ქვეყნისთვის და ვერც ხელისუფლებას ვერ გადაარჩენს.

უმრავლესობის ბრალდებას, რომ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას, კერძოს კი გიგა ბოკერიას შეჰყავს შეცდომაში, ევროპული საქართველოს ლიდერი აბსურდულს უწოდებს და აცხადებს რომ საერთაშორისო საზოგადოებაში მსგავსი კრიტიკული კლიმატის შექმნა, რომელიმე ერთი პერსონის ან მთლიანად ოპოზიციის მიერ შეუძლებელია.

"ეს მიდგომა ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს, როდესაც მიაჩნიათ, რომ გარე სამყარო ერევა მათ საქმეებში, რასაც ვხედავთ ქართული ოცნებიდან, ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხაზია, რომ იმპერიალისტური დასავლეთი ერევა ჩვენს საქმეებში და სუვერენიტეტი შეგვილახეს. ვიღაცის კონტაქტები ვერ შეცვლის იმას, რომ მოატყუო თავისუფალი სამყარო მთლიანად.  ქვეყნის პარტნიორებთან კომუნიკაციაში უპირატესობა ყოველთვის ხელისუფლებას აქვს, იმიტომ რომ ის წარმოადგენს ქვეყანას. უნდა მოახერხო რომ საქართველოსნაირი პოზიციებით, რომელიც ჩვენ გვქონდა, როცა მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და ივანიშვილი მოვიდა ტრიუმფალურად,  მოახერხეს და გაფანტეს ეს ყველაფერი, საქართველო გააქრეს აქტუალური რუკიდან, რაც შეეხება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ მხარდაჭერას. მივედით ამ დისკუსიამდე რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და საქართველოს მეგობრები წუხან ამაზე და იწყება ახლა ძებნა, ვისი ბრალია და ვინ დაგვაბეზღა უცხოეთში, ეს არის რასაც ასლან აბაშიძე შვრებოდა და შევარდნაძე ბოლო პერიოდში როდესაც სულ დაკარგა რეალობის განცდა და ყველა ავტორიტარული რეჟიმი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით ხელისუფლების პრაგმატულ ინტერესში უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ვითარება წინასაარჩევნოდ ნორმალურ ფარგლებში დაბრუნდეს, შესაბამისად ხელისუფლებამ უნდა მონახოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულების გზები, რაც გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს.

 

 

დღის ამბები