კახა კუჭავას თქმით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშში სიტყვა პოლიტპატიმარი არ წერია და ეს, მხოლოდ ერთმა ევროპარლამენტარმა ახსენა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს "დღის კურიერში" სტუმრობისას გამოეხმაურა.
კახა კუჭავას განცხადებით, საბოლოო ჯამში, ანგარიში არის პოზიტიური, სადაც აღნიშნულია ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს.
"ანგარიში, რომელიც დაიწერა არის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე, რომელიც აღებული გვაქვს ჩვენ, სახელწიფოს და პირდაპირ წერია, რომ მთლიანობაში ანგარიში შეფასებულია, როგორც პოზიტიური ასოცირების შესრულების ხელშეკრულების კუთხით და ის პროგრესი, რომელიც მიღებულია რეფორმებისა და საგარეო საქმიანობის კუთხით. არც ერთი ხელისუფლება არ არის უნიკალური. გარვეული ხარვეზები არსებობს ხოლმე. სასამართლო სისტემის მიმართულებით წერია, რომ მიესალმებიან რეფორმებს, თუმცა არის ხარვეზები, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს.
ანგარიშში არსად არ წერია პოლიტპატიმრები, წერია რამდენიმე საქმე. განცხადება გაკეთდა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ და არა ბევრი დეპუტატის ან სხვადასხვა ევროპარლამენტარების მიერ. მხოლოდ ერთმა ადამიანმა ახსენა ეს სიტყვა, ისიც ბოლოში. ერთ-ერთმა დეპუტატმა გუშინ მოუწოდა კოლეგებს, რომ სანამ მათი ინფორმაცია არ იქნება გადამოწმებული, მხოლოდ ერთ წყაროს ნუ დაეყრდნობიან და ისე ნუ გაავრცელებენ განცხადებას. საბოლოო ჯამში, ის პოზიტივი, რომელიც გუშინ იგრძნობოდა, უნდათ როგორმე გადაიჩრდილოს. პირველი პოზიტივი, ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ შეიწყალა ორი პატიმარი, რომელიც იყო დაპირისპირების და სპეკულირების საგანი.
მე ამ დღეების განმავლობაში, ვესაუბრები ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს, ისინი ჩემთან კითხვებს არ სვამენ, დანაშაული იქნა თუ არა ჩადენილი. პირველ რიგში ამბობენ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ და უნდათ რომ პოლიტიკურად ძალიან სტაბილური იყოს. ამიტომ მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება იქნებოდა საუკეთესო ასეთი პოლარიზებული გარემოს განმუხტვისთვის," - განაცხადა კახა კუჭავამ.