საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა შეწყალების აქტის საქმის კურსში ჩააყენა. როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, ეს ქვეყნის პირველი პირის მხრიდან ურთიერთპატივისცემისთვის გადადგმული ნაბიჯია და, შესაბამისად, უკვირს, რატომ მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან ამ ფაქტს ასეთი რეაქცია. არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა, რჩება აზრზე, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმები ჩაშალა. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააფრთხილა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. იმავე საღამოს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგისას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მსგავსი განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ხელისუფლებასთან მიღწეული, 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, ხელისუფლებასთან შეთანხმებას ამ საკითხზეც მიაღწია. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ პუნქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.