18 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
იყო თუ არა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება ნამდვილად მოულოდნელი მმართველი გუნდისთვის - პრეზიდენტის განცხადებას კახა კუჭავა გამოეხმაურა

იყო თუ არა პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება ნამდვილად მოულოდნელი მმართველი გუნდისთვის. ეს კითხვა აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერში" ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მან შეწყალების შესახებ ინფორმაცია არჩილ თალაკვაძეს, გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილს მიაწოდა. 

პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. კახა კუჭავას თქმით, ინფორმაცია ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე მხოლოდ 3 ადამიანს მიაწოდეს, შესაბამისად, მთლიანი გუნდისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო:

"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბრიფინგამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, პირობითად ვამბობ, რომ შეატყობინოთ, ისიც მხოლოდ 3 ადამიანს, კონკრეტულად მიუთითა: თალაკვაძე, გახარია და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. არა ის, რომ ამას ვაპირებ და რას ფიქრობთ, არამედ ამას ვაპირებ და იცოდეთ. ანუ გადაწყვეტილი საქმეა და შემდეგ ბრიფინგი. მოულოდნელია ხო?"- განაცხადა კახა კუჭავამ.

წამყვანის კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეწყალების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, იცოდა თუ არა , რომ ამავე თემაზე "ქართული ოცნების" ოფისში ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გეგმავდა, რომელზეც გადაწყვეტილების მოულოდნელობაზე უნდა ესაუბრა, კახა კუჭავამ ისევ განაცხადა, რომ გუნდის უმრავლესობისთვის ეს ინფორმაცია ნამდვილად მოულოდნელი იყო:

"ბრიფინგის დროს ითქვა, რომ ჩვენთვის ეს იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება და გავიგეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან, მეც განცხადებიდან გავიგე. რეაქცია, რა უნდა ყოფილიყო, უნდა დაეწყოთ მოწერა, რომ ეს, ასე ხდება?"- განაცხადა კუჭავამ.  

დღის ამბები