18 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარტიასთან არ უნდა თანხმდებოდეს, მას არანაირი კავშირი არ აქვს "ქართულ ოცნებასთან"- კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა. კალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს და მისი გადაწყვეტილების პარტიასთან შეთანხმების არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. 

"მე ნამდვილად არ ვიცოდი. რომ მცოდნოდა, რა იყო აქ დასამალი, არც ეგ არ მესმის. პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარტიასთან არ უნდა თანხმდებოდეს მაშინ, როდესაც არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოსთან." ჩვენ მას არჩევნებში დავუჭირეთ მხარი. გვინდოდა, რომ გამარჯვებული ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ის კონკრეტული პარტიები და პიროვნებები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებებზე აჟღერებდნენ მესიჯებს,"-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააფრთხილა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

იქამდე, 15 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. იმავე საღამოს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგისას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მსგავსი განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ხელისუფლებასთან მიღწეული, 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, ხელისუფლებასთან შეთანხმებას ამ საკითხზეც მიაღწია. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ პუნქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები